„სოლიდარობა აფგან სადიგოვს”, „შეწყდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია“, „საქართველო გაზზე არ იყიდება“. – სოლიდარობის აქცია ამ მოწოდებებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.
საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად სადიგოვის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს.
აფგან სადიგოვის მეუღლის თქმით, სადიგოვის დაკავების შემდეგ, მუქარის სამიზნე თვითონაც გახდა.
„საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაათავისუფლოს სადიგოვი. რამდენიმე თვის წინ წამოვედით აზერბაიჯანიდან, მაგრამ საზღვარზე გვითხრეს, რომ მესამე ქვეყანაში ვერ გადავიდოდით, შემდეგ სახალხო დამცველს შევხვდით და შემდეგ აფგანი დააკავეს. ილჰამ ალიევის დაკვეთით დააკავეს აფგანი. ის დიქტატორია! ვითხოვთ აფგან სადიქოვის გათავისუფლებას. აფგანის დაკავების შემდეგ მათი სამიზნე მე ვარ, მემუქრებიან შვილების უსაფრთხოებით. ჯერ აზერბაიჯანში მემუქრებოდნენ და ეს მუქარა აქაც გრძელდება, რომ აფგანი არ დავიცვა”, – განაცხადა მან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ავტორიტარული რეჟიმების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.
მიქელაძე საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ არ მოხდეს სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება.
„პირველ რიგში იმ კონტექსტის გამო, რომელიც აზერბაიჯანშია. კონსოლიდირებული ავტორიტარიზმია, რომელსაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომლებსაც საბაზისო უფლებებზე წვდომა აქვთ წართმეული, მათ შორის, ციხეში ისინი არ არიან დაცულები წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, მათ არ აქვთ წვდომა დამოუკიდებელ სასამართლოზე და ბუნებრივია, რომ ამ პირობებში აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანის მხარისთვის, დაარღვევს მის აბსოლუტურ უფლებებს და საბოლოოდ, საქართველო დაარღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს.
ამიტომ, ეს არის წმინდა უფლებრივი საკითხი, თუმცა არის პოლიტიკური საკითხიც. ჩვენ ვხედავთ, რომ რაც უფრო ავტორიტარული ხდება „ქართული ოცნების” ხელისუფლება მით უფრო მეტი ლოიალობა აქვს ავტორიტარული რეჟიმების მიმართ.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა უცხოელი აქტივისტები, დისიდენტური ჯგუფები მათთვის უფრო არაუსაფრთხო ხდება საქართველო და ქვეყანა კარგავს იმ მისიას, რაც წინა წლებში გვქონდა, როცა ის იყო უსაფრთხო პოლიტიკური თავშესაფარი არაერთი დისიდენტისთვის”, – აცხადებს მიქელაძე.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა.
სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს კი მოსამართლემ მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ციხეში დარჩება.
შსს-ს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და ის ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.
დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.
ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.