ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული, რომელსაც 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, 2000 ლარითაც დააჯარიმეს

პუბლიკა

საბა მეფარიშვილი, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დღეს ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარითაც დააჯარიმეს. 

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯერიბის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

რაც შეეხება საბა მეფარიშვილის ადმინისტრაციულ საქმეს, როგორც მისი ადვოკატი, თათია კონიაშვილი გვიხსნის, ეს საქმეც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას უკავშირდება, მას პოლიციისადმი დაუმორჩლებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ადვოკატის განმარტებით, სანამ საბა მეფარიშვილს სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მანამდე დღენახევარი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

„საბა დააკავეს იმ დღეს, როდესაც ეს ჯებირი დაზიანდა, ადმინისტრაციული წესით. თავიდან მანაც არ იცოდა, რომ სისხლის წესით რამე ემუქრებოდა. ამის შემდეგ დაახლოებით დღენახევარში გამოუშვეს, 16 მაისის დილას კი უკვე სისხლის წესით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.

საბას ამ საქმეზე ედავებოდნენ, რომ კორდონი გაარღვია. ჰქონდათ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ამბობდნენ, რომ რკინის ჯებირის წინ პოლიციის ცოცხალი კორდონი იდგა და საბა ცდილობდა, რომ ეს ჯებირი გაერღვია.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, კორდონი მთელი დღე იდგა. ამავე დროს, ადამიანს სისხლის წესით ედავებიან ჯებირის დაზიანებას. გამოდის, რომ საბა გაძვრა, კორდონის უკან დადგა და ერთი საათი ჯებირს აზიანებდა, რაც აბსურდია”, – ამბობს კონიაშვილი.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მეფარიშვილი ორივე მუხლში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

როგორც „პუბლიკის” მიერ მომზადებულ მასალაშია, საბა მეფარიშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ადვოკატის თქმით, ამგვარი მნიშვნელობის საქმეებზე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებილი პირებისთვის არის შესავსები ფორმა, რათა შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარონ მათ ჯარიმის გადახდაში – „ვაპირებთ, რომ ჩვენც ამ გზას მივმართოთ”, – ამბობს ის.