„განათლების პოლიტიკის ცენტრი“ დაფუძნდა - რა მიზნები აქვს ორგანიზაციას

პუბლიკა

დაფუძნდა სასკოლო განათლების საკითხებზე მომუშავე ახალი ორგანიზაცია – „განათლების პოლიტიკის ცენტრი“.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ჭანტურია განმარტავს, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მისია სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სისტემის დემოკრატიზაცია და სკოლის სოციალური ფუნქციის გაძლიერება იქნება.

ორგანიზაციამ საქმიანობა „განათლების კამპანიით“ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს, საარჩევნო პერიოდში წინ წამოწიოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. მეორე მხრივ, კამპანია მიზნად ისახავს აჩვენოს ბმა, კავშირი ევროინტეგრაციასა და განათლების სისტემის განვითარებას შორის.

„როცა ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ჩვენი არჩევანი ევროკავშირში გაწევრებაა, ძირითადად ყურადღება გამახვილებულია – უსაფრთხოების კონტექსტში ეკონომიკური კეთილდღეობის, სოციალური დაცვის, ტურიზმის განვითარებაზე და მხოლოდ მერე განიხილება განათლებისა და მეცნიერების განვითარების კონტექსტი.

ამ შემთხვევაში ამ კამპანიის მიზანია, რომ საარჩევნო პერიოდში აჩვენოს ბმა ევროინტეგრაციასა და განათლების სისტემის განვითარებას შორის, ანუ  საზოგადოებას ვაჩვენოთ, დღემდე როგორ უწყობდა ევროკავშირი ხელს განათლების სისტემის განვითარებას და რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია განათლების სისტემის განვითარებისათვის.

რეალურად, ევროკავშირთან დაახლოების გარეშე, შეუძლებელი იქნება იმ პრობლემების მოგვარება რაც ათწლეულებია სასკოლო განათლებაში გვაქვს და რაც დიდ ტვირთად აწევთ როგორც მშობლებს, ისე თავად მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მთელს საზოგადოებას. პირიქით, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განმარტავს გიორგი ჭანტურია

იმისათვის კი, რომ კამპანიამ დასახულ მიზანს მიაღწიოს, როგორც გიორგი ჭანტურია ამბობს, კამპანიის ფარგლებში გაიმართება განათლების თემატური კვირეულები „ევროკავშირი განათლებისთვის,“ „კარდაკარი სკოლებში“ და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში.

„სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობები ჩატარდება, ეს შეიძლება იყოს სასკოლო აქტივობები მაგ. სამაგიდო თამაშები; ასევე ფილმის ჩვენებები, შეხვედრები სასკოლო თემთან, ამბის თხრობის ფესტივალი და ა.შ. შესაბამისი საინფორმაციო რესურსების გავრცელება, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი რესურსი იქნება ბეჭდური გაზეთი „დიალოგი,“ რომელიც შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების და მათი გადაჭრის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეფლექსიას.

რაც ასევე ძალიან სასიხარულოა, კამპანიის ფარგლებში გამოვცემთ ძალიან საინტერესო წიგნს უმაღლესი განათლების და უნივერსიტეტების შესახებ. ეს არის მაია ჩანქსელიანის წიგნი – „რა დაემართა საბჭოთა უნივერსიტეტს“.

იგეგმება ამ წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია უმაღლესი განათლების როლსა და ფუნქციაზე. ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა საქმიანობები გვექნება კამპანიის ფარგლებში. ამიტომ დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ რომ თვალი ადევნონ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.“

განათლების კამპანიის მხარდამჭერები არიან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP) და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ (CSF).

სტატია მოამზადა განათლების პოლიტიკის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია განათლების პოლიტიკის ცენტრი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.