კარპენტერი: ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია, მას ახლოდან დავაკვირდებით

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ.

„საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და „უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს”, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება დამატებითი სანქციების დაწესების პერსპექტივას, ის მიუთითებს, რომ აშშ ამაზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა ეცდებიან, პასუხისმგებლობა დააკისრონ შესაბამის პირებს კორუფციისა და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის.

„სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება”, – განაცხადა მან.

კარპენტერმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც – მისი თქმით, უკვე შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მაგალითები და პრემიერ-მინისტრის განცხადება პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. კარპენტერი ხაზს უსვამს, რომ აშშ მომავალ არჩევნებს ახლოდან დააკვირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით… ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები”.