კობახიძე ბანკებზე: ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას 

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კომერციულ ბანკებზე ამბობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას.

„ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს ჩარჩოები. საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საბანკო ასოციაცია, რომელიც საქართველოში მომუშავე კომერციულ ბანკებს წარმოადენს, აცხადებს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

„ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს”, – აცხადებს საბანკო ასოციაცია.

საქმე ეხება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ, 16 სექტემბერს გამოცხადდა და რომლის თანახმადაც, ფინანსური სანქციები დაუწესდა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

ერთი წლის წინ, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გამონაკლისი“ დაუშვა, რის შედეგადაც სები აღარ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

კერძოდ, სებ-მა განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი”. 

მაშინ კომერციული ბანკების ნაწილმა თქვა, რომ შეასრულებდა საერთაშორისო სანქციებს, ნაწილმა განაცხადა, რომ დაიცავდა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.