დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოხატავს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონის მიღებაზე და აცხადებს, რომ ეს პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ამის შესახებ საელჩოს გავრცელებულ ახალ განცხადებაშია საუბარი.
„დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო.
ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის, რომ ის ‘„სრულად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს“ უგულებელყოფით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.
კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.