დანიგანი: განცხადებები, როგორიც პრემიერმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები ქართველ ხალხს და ქვეყანას არ ეხმარება. მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესში არაა დასავლეთისგან და აშშ-სგან იზოლირება.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი – საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა – არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს.

ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომლებიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“, – ნათქვამია განცხადებაში.