გახარიას და ხაზარაძის განცხადებით, გაერთიანების შესახებ შეთანხმება, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

პუბლიკა

დასრულდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მეორე შეხვედრა. მათი განცხადებით, ყველა საკითხზე შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ [19 სექტემბერს] დასრულდება.

„ჯერ არ დასრულებულა [მოლაპარაკება], დიდი იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა. ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმება შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო პარიტეტის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ისე ვერ დალაგდა, როგორც უნდა დალაგებულიყო, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში წესით იმედი მაქვს დასრულდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მთელი ეს პროცესი მიმართულია, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, მოხდეს სრული კონსოლიდაცია პროდასავლური ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ, თავისუფალ სამყაროსთან.

არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად ახლოს ვართ. არანაირ თანამდებობებზე, სიებზე საუბარი არაა, აქაა ლაპარაკი, როგორ დავამარცხოთ „ოცნება“, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიითა განსაზღვრული, რომელიც ჩვენ გვაქვს – სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიების, ჩვენი სტუდენტების დასაქმებით და ემიგრაციის შეჩერებით…

დღეს მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციულ მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ იმედია დავამთავრებთ ყველაფერს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


გახარიას პარტიისა და „ლელოს“ კოალიციის გაერთიანების შესახებ პირველი მოწოდება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გააკეთა და მხარეები სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე დღს, 17 სექტემბერს დაიბარა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ. გახარია ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველაფერი ნათელია, თუმცა ხაზარაძემ თანაგუნდელებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.

კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ „ლელოს“ გარდა გაერთიანებულები არიან: „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილი.

16 სექტემბერს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ. ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ – რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის პოზიციას:

„ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია. თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ეს იქნება ყველაზე დამანგრეველი, ბოლოსდაბოლოს, შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი, ნაცები, ქოცები, 12 წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას. ამოვიდა ყელში, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი უნდათ, არც მეორე, გაუჩნდათ არჩევანი “ძლიერი საქართველოს” სახით და უფრო მეტად გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო ომახიანი იქნება ეს ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა მან.

ანა დოლიძე ამბობს, რომ ხალხს ჯერ ვერ აჩვენებს მტკიცებულებას, რომ ერთობით უკეთეს შედეგს მიიღებენ.

„სად არის მაჩვენებლები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ ერთად მეტი შედეგი გვაქვს ვიდრე ცალ-ცალკე იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კოალიცია გავაფორმოთ არჩევნების შემდეგ – არჩევნები უნდა მოვიგოთ ჯერ. მტკიცებულება, რომ ჩვენ ერთად უკეთეს შედეგს დავდებთ ვიდრე ცალ-ცალკე, მე ამას ჩემს ხალხს ჯერ ვერ ვაჩვენებ“, – განაცხადა მან.