კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმების ჩაშლას ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ ეხმაურებიან.
კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში მამუკა ხაზარაძე მათ პოზიციასაც წარმოადგენდა.
„მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს. თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.
ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს“, – ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც. მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება შეუთანხმებლობაზე იყო მოულოდნელი და მოლაპარაკება სწორედ გახარიამ ჩაშალა. დოლიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებები მთლიანი კოალიციის სახელით გამართა.
„მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.
ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს“, – აცხადებს ანა დოლიძე.
თუმცა ანა დოლიძე დასძენს, რომ მოხარულია, რადგან მომზადებულია საფუძველი მომავალში გახარიასთან კოალიციური თანამშრომლობისთვის.