საქართველოს არჩევნებზე ევროკავშირს გადამწყვეტი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ - ევროპარლამენტარები ვარჰეის

პუბლიკა

საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 30-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის წერილით მიმართა. წერილს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

წერილში აღნიშნულია, რომ მომავალი არჩევნები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამხოლოდ საქართველოს მომავლისთვის, არამედ ევროკავშირის ურთიერთობებისთვისაც მის აღმოსავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით რუსეთთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე.

ამასთან, როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები აჩვენებს დემოკრატიის უკუსვლას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ ფონზე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისარს, რომ ევროკავშირმა მსხვილი და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს საქართველოში, რათა ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებს, ხელისუფლების მხრიდან ჩარევისა და მანიპულაციების გამოსავლენად.

არჩევნებში ჩარევისა და დემოკრატიული პროცესის დაზიანების შემთხვევაში ევროპარლამენტარებს ის საპასუხო ზომებიც აქვთ შემუშავებული, რომლებიც მათი აზრით, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს:

  1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის შევიწროების ან საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ მკაფიო მტკიცებულების შემთხვევაში, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ შეუჩეროს საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შეაჩეროს.  მათ შორის, გადახედონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება კი უცვლელი უნდა დარჩეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
  2. სანქციები საკვანძო პირებს: ევროკავშირმა უნდა დაუწესოს მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრაზე. ევროპარლამენტარების აზრით, ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ მოითმენს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. სანქციები კი შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, ვიზების აკრძალვასა და მოგზაურობის შეზღუდვას.
  3. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფორმალური გადახედვა: თუკი არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციას ფორმალურადაც უნდა გადახედოს. უნდა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატის სტატუსის ქონისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს.
  4. სახალხო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა თავისი შეშფოთების შესახებ ინფორმაცია აქტიურად უნდა გაუზიაროს არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხსაც. საჯარო განცხადებები და მაღალი დონის დიპლომატიური ვიზიტები კონცენტრირებული უნდა იყოს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კუთხით. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის დაშვება სახიფათო პრეცედენტ იქნება როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის.

რუსეთთან საქართველოს დაახლოების შედეგები მაშინ, როცა მსოფლიოში ავტორიტარიზმი აღმასვლას განიცდის, ვერ გაზვიადდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას“, – ნათქვამია 30 ევროპალარამენტარის წერილში.