კალაძე: ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, საქართველოს ინტერესები არ ითმობა

პუბლიკა

„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით… საქართველოს ინტერესები არ ითმობა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.

კალაძის განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.

„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – განაცხადა კალაძემ.


„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით,  შეერთებული შტატებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ  აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.

„იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერის გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა”, – ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.

გარდა ამისა, 16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციების გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში.

კერძოდ, განცახდებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს, რათა დაუწესოს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ამ ინდივიდებში შედიან ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ასევე, კორუფციულ პროცესებში ჩართული ბიზნეს ლიდერები; ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები სანქცირდებიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.