პრემია “თავისუფალი 2024” წარმოგიდგენთ კონკურსის მთავარ არბიტრებს

პუბლიკა

ნებისმიერი კონკურსი ეფუძნება შეფასების კეთილგონივრულობას. შესაბამისად, ყოველთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემფასებლის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ნდობას, თავის მხრივ, განსაზღვრავს პრეტენზიული სიტყვა-პროფესიონალიზმი. პასუხისმგებლობა, საკითხის ცოდნა და კეთილსინდისიერება ერთიანდება ამ დეფინიციაში.

პრემია “თავისუფალი 2024” ხანგრძლივი მსჯელობისა და დაკვირვების შემდეგ წარმოგიდგენთ წლევანდელი კონკურსის მთავარ არბიტრებს. ეს სიტყვა შემთხვევით არ მოსულა – ქართული ფეხბურთის წარმატებამ მთელი ქვეყანა განაწყო დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის და ყველა აგვალაპარაკა მის ენაზე. ჩვენ გვჯერა, პრემია “თავისუფალი” ამ გზაზე თავის წილ საჭირო საქმეს აკეთებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვენდობა, თანამშრომლობს და ჩვენთან ერთად ცდილობს მხარი დაუჭიროს თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი ხელოვნების გამარჯვებას.

პრემია “თავისუფალი 2024” ჟიურის წევრები:

ანასტასია ჩერნეცოვა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულია.
2021 წლიდან აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის კრიტიკულ სტატიებსა და ინტერვიუებს ქართული თეატრის ელექტრონულ არქივში – Theatrelife.ge . ამავე პლატფორმასთან თანამშრომლობით მონაწილეობს თეატრის კრიტიკოსთა დისკუსიების ციკლში – „ სპექტაკლის შემდეგ“.
2023 წლიდან მისი რეცენზიები იბეჭდება ჟურნალ „თეატრში“. ასევე, გამოქვეყნებული აქვს სტატიები სტუდენტურ გაზეთ „დურუჯში“.
2021 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული ექვს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.

2022 წელს ეტიუდების XII საერთაშორისო ფესტივალის სტუდენტური ჟიურის წევრი იყო და ამავე წელს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინო ფესტივალის მოხალისე.

2023 წელს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალის ჟიური გახლდათ. ამავე წელს სიღნაღის თეატრალური ფესტივალის, ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და ბათუმის თოჯინების საერთშორისო თეატრალური ფესტივალის ბლოგერი.

მუშაობდა კვლევაზე „ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“.
2024 წელს თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის „დიოგენე 2024” სტუდენტური ჟიურის წევრი.

დავით გაბუნია

დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელი. მისი პიესები დადგმულია საქართველოში (სამეფო უბნის, რუსთაველის, თავისუფალი, ფოთის, ბათუმის, ხულოს თეატრები); სხვადასხვა წელს ორგზის მოიპოვა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ და ერთხელ ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დრამატურგიის ნომინაციაში; მისი ტექსტები დადგმული/წარმოდგენილია გერმანიაში, პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, რუმინეთში და ა.შ. მისი რომანის „დაშლა“ გერმანული თარგმანი 2019 წელს გამოსცა „როვოლტ ბერლინმა“. 2024 წელს იყო გერმანიაში, ჰაიდელბერგის პიესების ბაზრობაზე საქართველოს (სტუმარი ქვეყნის) პროგრამის კურატორი.
ნათარგმნი აქვს არაერთი პიესა – შექსპირის, ლარს ნურენის და სარა კეინის ტექტების ჩათვლით.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (დრამის თეორია) და ამავე უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი. ასევე ასწავლის დრამატურგიას სამეფო უბნის თეატრში არსებულ თემურ ჩხეიძის სახელოსნოში.

ლელა ოჩიაური

კინოსა და თეატრის მკვლევარი, კულტურის ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, პუბლიკაციების ავტორი, ანალიტიკური კრებულების პროექტების ხელმძღვანელი, თანაავტორი და რედაქტორი. ათეულობით საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სარეკომენდაციო საბჭოს წევრი.

აქვე გვინდა გაგიზიაროთ წლევანდელი ჟიურის წევრებისა და პრემის დამფუძნებლების მიერ ერთობლივად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები.

საუკეთესო სპექტაკლი

1. ორიგინალობა და ინოვაცია (როგორ სცილდებასპექტაკლი/წარმოდგენა ტრადიციული/კონვენციური თეატრის საზღვრებს და შემოაქვსორიგინალური, ინოვაციური ელემენტები);
2. პოტენციური შემოქმედებითი გავლენა სფეროზე
3. ეფექტური თანამშრომლობა ავტორებთან(დრამატურგი, სცენოგრაფი, კომპოზიტორი/მუსიკოსი, სხვ.);
4. გამორჩეული სარეჟისორო გადაწყვეტა;
5. სამოქალაქო პოზიცია, დროის კონტექსტის გათვალისწინება.

საუკეთესო მსახიობი

1. სამსახიობო ოსტატობა;
2. სამსახიობო დიაპაზონი;
3. გამომსახველობითი ხერხები;
4. პერსონაჟის განვითარება და თანმიმდევრულობა;
5. პარტნიორთან ურთიერთობა;
?საუკეთესო სცენოგრაფია
1. ორიგინალობა და ინოვაცია (სივრცის ინოვაციური გამოყენება, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა);
2. ვიზუალური ესთეტიკა;
3. პრაქტიკულობა/ფუნქციონალურობა;
4. კონცეპტუალურობა;
?”თავისუფალი 2024” განაცხადების მიღებას 20 სექტემბერს გამოაცხადებს და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ყველა დამოუკიდებელი არტისტი, კომპანია და თეატრალური სივრცე შეძლებს პრემიაზე ნამუშევრის წარდგენას.
2024 წლის სეზონის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: AT.ge პუბლიკა • Publika პირველი არხი
ვიზუალური კონცეფცია – ქეთი ნადიბაიძე
გრაფიკული დიზაინი – ლანა ჯოხაძე