ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება

პუბლიკა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან ალიანსზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

ამის შესახებ მან „ფორმულას” ეთერში თქვა.

რომელ გუნდს შეუერთდება ქობულია, დღეს, 25 სექტემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

გადაცემის წამყვანმა მას გიორგი გახარიას გუნდთან შესაძლო გაერთიანებაზე ჰკითხა, რაზეც ქობულიამ უპასუხა: „კომენტარს არ გავაკეთებ, სულ ერთი დღე დარჩა, გაიგებთ. ბევრი გუნდი არ არის, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს”.

ქობულიასვე თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების” მხრიდან დასავლეთთან დაპირისპირების გამო გადაწყვიტა.

„მე საერთოდ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა ზუსტად ამ დასავლეთთან დაპირისპირების გამო. […] გუნდში არის ოდნავ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ჩვენი ძირითადი ვექტორი არის ის, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. რაც ჩქარა მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი”. – თქვა ქობულიამ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის კვალს ვერ ხედავს.

„აბსოლუტურად ვერ ვხედავ რუსეთის კლავს ვერც იმაში, რაც მაშინ ხდებოდა და ვერც იმაში, რაც ახლა ხდება. რუსეთთან პრაგმატული დიალოგი, შეკავების სტრატეგია, ან რუსეთთან ვაჭრობა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დასავლეთს უნდა დავუპირისპირდეთ, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ”.

[ის, რასაც „ქართული ოცნება” აკეთებს], უნიათობით ხდება და ცრურწმენებით, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო”. – თქვა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ გადააყენეს და პოსტი თავისი ნებით არ დაუტოვებია.