ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

შეხვედრა Trump Tower-ში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა.

„ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკელები წყვეტენ ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო ნაბიჯების განხილვა ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორივე კანდიდატს შევხვედრილიყავი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ტრამპმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც ზელენსკისთან, ასევე ვლადიმერ პუტინთან და თქვა: „ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებთ ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ”.

მანვე განაცხადა, რომ ის „ორივე მხარესთან“ იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 26 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისსაც შეხვდა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.

ბაიდენმა ისაუბრა უკრაინისთვის დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ანუ 20 იანვრამდე, ის გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჰარისთან შეხვედრას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ იმუშაოს შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით. ჰარისმა თქვა, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ურყევი რჩება – „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი“.