ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ორივეს ომის დასრულება და სამართლიანი შეთანხმება გვსურს

პუბლიკა

„მეც და ზელენსკის, ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებთან. მისივე თქმით, თუ მას ნოემბერში პრეზიდენტად აირჩევენ, თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ისეთი გეგმის შემუშავება შეუძლია, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

ამასთანავე, ტრამპმა თქვა, რომ ძალიან ბევრი რამ გაიგო ამ შეხვედრიდან.

„ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შემცვლია აზრი, რომ ორივეს ამის [ომის] დასრულება გვსურს და ორივეს გვსურს, სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. ის აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი და ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება.

პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს, რომ ეს დასრულდეს და სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა კამპანიაში ვარ, ასე რომ, ახლა ბევრ რამეს ამ მხრივ არ ვაკეთებ…

მჯერა, რომ თუ მოვიგებ, ძალიან სამართლიანი და, ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფი შეთანხმება გვექნება. ის უნდა გაჩერდეს, პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს მისი გაჩერება და, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი გაჩერება, და ეს კარგი კომბინაციაა. ჩემი იდეები მაქვს, და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტს [ზელენსკის] თავისი იდეები აქვს, მაგრამ ეს სამართლიანი უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედია.

ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ.

აშშ ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში”, – ამბობს ზელენსკი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობს ტრამპი „სამართლიან შეთანხმებაში“, მან უპასუხა, რომ „ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.

„პრეზიდენტმა [ზელენსკიმ] ძალიან სწორედ თქვა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მას მოვაგვარებთ, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტებთან ერთად საუბრის დროს, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ნიუ იორკში, Trump Tower-ში გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა.


ზელენსკი, 26 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისსაც შეხვდა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.

ბაიდენმა ისაუბრა უკრაინისთვის დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ანუ 20 იანვრამდე, ის გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჰარისთან შეხვედრას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ იმუშაოს შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით. ჰარისმა თქვა, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ურყევი რჩება – „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი“.