სახალხო დამცველის განცხადებით, რუსულ კანონზე მისი წინადადება იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის  წინადადება და რუსული კანონით შექმნილ რეესტრში წარსადგენი დეკლარაციების შესახებ ბრძანებში ცვლილება შეიტანა.

ომბუდსმენის განმარტებით, ცვლილების შედეგად, რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციარების და სხვა პირთა პირადი ნომრების, საბანკო ანგარიშის ნომრების და საფინანსო ინსტიტუტების ასახვა.

სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს 2024 წლის 30 აგვისტოს მიმართა.

მიმართვაში ომბუდსმენი წერდა, რომ მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის, პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე.

სახალხო დამცველი წერს, რომ 2024 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება და შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა.

„რის შედეგადაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციარების და სხვა პირთა პირადი ნომრების, საბანკო ანგარიშის ნომრების და საფინანსო ინსტიტუტების ასახვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუმცა სრულად ვერ ასახავს და არ მიიღწევა სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადების მიზანი.

„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინდივიდების მიმართ რეგულაციების ნეგატიურ ზეგავლენას, თუმცა სრულად ვერ ასახავს და არ მიიღწევა სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადების მიზანი, ვინაიდან რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში კვლავ რჩება მითითებული ფიზიკურ პირთა სახელები და გვარები. შესაბამისად, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება სრულად იყოს გაზიარებული“, – წერია განცხადებაში.