ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნათ.
მოუხედავად იმისა, რომ კობახიძის თქმით, „TI საქართველოს” განცხადებული აქვს საარჩევნო მიზანი და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული”, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს „სახელმწიფო ინტერესებისა და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდების მიზნით”.
„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.
კობახიძე ბიუროს ასევე მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციასა და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.
TI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.