ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის”. მან ამის შესახებ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„ეს [თავდასხმა] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ.

„ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას… არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად და სრულად უჭერს მხარს ისრაელს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

თავის მხრივ, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ.

„თუკი ისრაელს სურს, გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამაღამდელი ოპერაცია რამდენჯერმე გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება“, – განაცხადა ბაგერიმ.

მისი თქმით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი სათანადოდ მომზადებულია იმისთვის, რომ გაიმეოროს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გაძლიერებული ინტენსივობით.


პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. არსებული ცნობებით, ისროლა 180-მდე რაკეტა. თუმცა, ზუსტი რიცხვი უცნობია.

ასევე, ქალაქ იაფაში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხალხს ქუჩაში ესროლა. BBC წერს, რომ ისრაელის პოლიციამ დაადასტურა 1 ოქტომბერს მომხდარი სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.

გარდაცვლილებს შორისაა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც სროლის დროს დაიჭრა და კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.

პარალელურად, იორდანიის ხელისუფლებამ ჯარები მაღალ მზადყოფნაში მოყვანა.

იორდანიის არმიამ განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ყველა ქვედანაყოფი და ფორმირება მოყვანილია „მაღალი მზადყოფნაში, რათა დაუპირისპირდეს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამეფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ჯარს უბრძანა, დაეხმარონ ისრაელის თავდაცვას ირანული თავდასხმის წინააღმდეგ და ჩამოაგდონ რაკეტები, რომლებიც ისრაელისკენ არის მიმართული. ამავე დროს, აშშ არ უნდა ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში რამე ფორმით.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ დღეს, ირანის შეტევის დაწყებამდე ელაპარაკა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.

„ჩვენ განვიხილეთ მძიმე შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ”, – დაწერა ოსტინმა X-ზე.

ირანის ისრაელზე თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა და განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა”.