რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, რომელიც სავსეა ტყუილებით - კობახიძე PACE-ის წევრების განცხადებაზე

პუბლიკა

„გლობალური ომის პარტია“ ძალიან მარტივად ზემოქმედებს PACE-ის ოცდაოთხ წევრზე“ – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების დღევანდელ განცხადებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კვლავ არარსებული „გლობალური ომის პარტია“ გამოიყენა.

ასამბლეის 24 წევრი აღნიშნავს, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად.

„ოცდაოთხმა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, თუნდაც 200 ან 600 წევრიც რომ ყოფილიყო, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, რომელიც სავსეა ტყუილებით.  ძალიან კარგად იცით, რომ მხოლოდ 3 კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში [მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი]…

სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?! არ ყოფილა! ამიტომ არის სიცრუით სავსე. „გლობალური ომის პარტია“ ძალიან მარტივად ზემოქმედებს PACE-ს 24 წევრზე“, – აცხადებს კობახიძე.