საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს – ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს ხვდება. მედიასთან მათ წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ჩვენ არ ვიცით ჯერ შინაარსი, კომენტარს აუცილებლად გავაკეთებთ გამოსვლის შემდეგ“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც პოლიტიკური წარსულის მქონე არაა. „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ მთავრობას, რომელიც აღნიშნული სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.