სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სიტყვით გამოვიდა.
მან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ეს იქნება გამოცდა საქართველოს დემოკრატიისთვის.
ბორელმა ილაპარაკა რუსულ და ჰომოფობიურ კანონებზე, რომლებიც, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაამტკიცა და ისინი კიდევ ერთხელ შეაფასა უარყოფითად.
„გასული წლის დეკემბერში, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მთავრობისთვის, გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამის საპირისპიროდ, გასული თვეების განმავლობაში, ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებმაც ქვეყანა ამ გზას დააშორა”. – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა.
ბორელის თქმით, ხელისუფლების ამ ქმედებებს ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა:
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა, ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, 30 მილიონი ევრო, შეჩერებულია, ხოლო დახმარების პორტფელი გადახედვის რეჟიმშია“.
ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები შეიძლება შეიცვალოს – „გამოსავალი მარტივია, თუ არსებობს პოლიტიკური ნება: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმ კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანს, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს”.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის განხსნისა და „უკრაინიზაციის“ შესახებ და მათ დეზინფორმაცია უწოდა, რომელიც მიუღებელი, ყალბი და საზიანოა.
„ჩვენ ასევე მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომელსაც ავრცელებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი [ირაკლი კობახიძე] და პარლამენტის წევრები. პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ცდილობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ან ქვეყნის „უკრაინიზაციას“, მიუღებელია, ყალბი და საზიანოა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივები მხოლოდ რუსეთს და მის პროპაგანდას ემსახურება. ევროკავშირი გააგრძელებს ამგვარი ყალბი ნარატივების გამოვლენას და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე რეაგირებას“. – განაცხადა ბორელმა.
მისივე განცხადებით:
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ძლიერი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისთვის. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანდა მმართველი პარტიის შემაშფოთებელი განცხადებებითა და ქმედებებით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირებებითა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის მცდელობებით.
ასეთი ტაქტიკა ძალიან ჰგავს ავტორიტარულ რეჟიმების ტაქტიკას. თუ ეს ზომები გატარდება, ისინი აშკარად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრებას.
ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ის იქნებიან მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი და ჭეშმარიტად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ მანამდე, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება შეუერთდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და ხელახლა დააყენოს საქართველო ევროკავშირის გზაზე.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ყველა ქართველთან ევროკავშირში გაწევრების გზაზე“.
დღეს, 9 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“.