უკრაინელების ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება, საზღვარგარეთ უბნების გახსნა - ISFED-ის ანგარიში

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, ქალთა წარმომადგენლობა რეგისტრირებულ პარტიულ სიებში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო, საარჩევნო დავები და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

მონიტორინგის ძირითად მიგნებებს შორისაა:

  • ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიური იყო ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება;
  • სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების პარალელურად, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები უკვე მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაში. კერძოდ, მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსახულებები შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში იყო გამოყენებული;

ანგარიშში საუბარია ანტოკორუფციულის გადაწყვეტილებაზე, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ სუბიექტებად ეცნო „TI-საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზაიძე. ეს გადაწყვეტილება ბიურომ პრემიერის მოწოდების შემდეგ გააუქმა.

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება:

  • საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების შერჩევა დაბალკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა.„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, მნიშვნელოვანწილად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები არიან;
  • დაბალკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესიც. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს სრულად არ გადაეცათ საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატების დოკუმენტაცია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ასევე არ მიეცათ საკმარისი დრო, სათანადოდ გასცნობოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატთა მიერ წარდგენილ საკონკურსო განაცხადებს. პროფესიული წევრების შერჩევის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებს არცერთ კანდიდატთან არ ჩაუტარებია გასაუბრება, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა ნაწილმა გამოთქვა გასაუბრების ჩატარების სურვილი. კანონით დადგენილი ვადები იძლეოდა აღნიშნულის შესაძლებლობას;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და წევრები, უმეტეს შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით აირჩნენ, რადგანაც პირველ კენჭისყრაზე მათ ვერ მოახერხეს კომისიების სრული შემადგენლობის 2⁄3-ის მხარდაჭერის მოპოვება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და ხელმძღვანელ პირებად არჩეულ კანდიდატთა ნაწილს 2020 ან/და 2021 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებისას დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობები. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს წარმოადგენს. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გარკვეული ნაწილი ასევე მმართველ პარტიასთან არის აფილირებული;

ემიგრანტებთან დაკავშირებით ორგანიზაცია წერს:

  • კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხი. მიუხედავად ამომრჩეველთა მრავალგზის მოთხოვნისა და ჩართული მხარეების არაერთი სარჩელისა (მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ორი სარჩელი) შექმნილიყო დამატებითი უბნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ მეტი საარჩევნო უბნის შექმნა საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიმპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, თუმცა საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს;

სხვა მიგნებები:

  • „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი ტენდენციის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტების გაზიარებისას, შესამჩნევად გაზრდილია მოქალაქეთა მხრიდან ისტორიის/მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გასაჯაროებისგან თავშეკავება;
  • „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა შეფასებით, გამოვლინდა სხვადასხვა ინციდენტი ან/და დარღვევა, აგრეთვე ისეთი ფაქტი, რაც გავლენას ახდენდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ კამპანიის თავისუფლად წარმოებაზე. კერძოდ, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები;
  • კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება და დასწრება, მათ შორის სამუშაო საათებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ერთეულების სახელით სოციალურ ქსელში სააგიტაციო მასალების გავრცელება;
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზება. წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შერჩევისა და დისკრიმინაციის შემთხვევები;

ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციის წესების დარღვევისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ექვს ფაქტთან დაკავშირებით წარადგინეს საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში. წარდგენილი საჩივრებიდან 5 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 1 განხილვის პროცესშია.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.