„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თამარ კორძაია რუსული კანონის მოქმედების შეუჩერებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ, კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით.
ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო.
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
ევა გოცირიძეს განსხვავებული აზრი ჰქონდა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, სადავო მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დაწყების ნაწილში.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე განმწესრიგებელი ბოლო სხდომა 31 აგვისტოს გამართა.
სამდღიანი განხილვის შემდეგ პლენუმმა იმსჯელა, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა არსებით განხილვებს; ასევე, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო განხილვების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიებისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ასევე მათ მოპასუხეებს – პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწვეულ ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს, რომელმაც იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარმოადგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. მან განმარტებები კანონში გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით გააკეთა.