საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ორი მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.
მოსამართლეებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. ხმათა უმრავლესობით, საკონსტიტუციო პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს კანონის მოქმედება და სარჩელები არსებით განხილვაში ნაწილობრივ მიიღოს.
განსხვავებულ აზრში მოსამართლეები მსჯელობენ:
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს:
ა) გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და
ბ) (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.
რაც შეეხება (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების განმსაზღვრელ ნორმებს, ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განაცხადისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.
გასაჩივრებული ნორმა ადგენს, თუ რა კატეგორიის ინფორმაცია უნდა აისახოს ხსენებულ დეკლარაციაში, ხოლო მისი ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მასში დეტალურად მიეთითება ინფორმაცია, ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯების მიმღებ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა). საფინანსო დეკლარაცია ქვეყნდება საჯაროდ. ამავე დროს, სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით დადგენილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმების მიზნით, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული მიზნით კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭირო ინფორმაცია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებისგან.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები, მათი ნეგატიური შინაარსის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ აყენებს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების დამოუკიდებლობას და წარმოაჩენს მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული სახელდება იწვევს (მედია) ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას და ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ორგანიზაციებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას და ხელს შეუშლის საქმიანობის განხორციელებაში. ამგვარი ზიანის გამოსწორება კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.
ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების კონტექსტში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოიპოვოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი ხასიათის პერსონალური მონაცემი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული კი წარმოშობს როგორც ორგანიზაციაში დასაქმებულთა, ასევე მესამე პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლის რისკებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე და მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პერიოდში, (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა არ წარმოადგენს შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოხდება დამდგარი შედეგების უკუქცევა და იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო ნორმების ამოქმედებამდე.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, სადავო რეგულირებებისათვის მოქმედების ძალის შენარჩუნება იმგვარად შეარყევს ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობას და დააზიანებს მათ რეპუტაციას, რომ, შედეგად, მოხდება მათი საქმიანობის პარალიზება (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე–58-ე პარაგრაფები).
ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო ბაზის სისტემური ანალიზის, სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებებისა და სადავო რეგულირების პრაქტიკაში გამოყენების გათვალისწინებით, არ იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე და, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 69-ე–74-ე პარაგრაფები).
მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, წინამდებარე საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას. მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.
გარდა ამისა, ჩვენი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უნდა შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება. რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
განსხვავებული აზრის ავტორები ცალ-ცალკე აფასებენ სადავო ნორმების მოქმედების საჭიროებას, როგორც სუბიექტთა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების საკითხთან მიმართებით.
განსხვავებული აზრის სრულად გასაცნობად მიჰყევით ბმულს.
„მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას“, – აღნიშნულია გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრში.