საქართველოში არჩევნების გამო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამშვებ პუნქტებს კეტავს

პუბლიკა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“ დაიკეტება. გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის „პრესსამსახურმა“ განმარტა, რომ გამშვები პუნქტი დაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.

გაგლოევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ“.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის, თუნდაც ღია წყაროებიდან, ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება“, – თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა.