იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით პენიტენციური დაწესებულებები მართვის ახალ ეტაპზე გადადის.
მისი თქმით, 780 თანამშრომელი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტერიტორიის დატოვების გარეშე იცხოვრებს და იმუშავებს საპატიმროების შენობებში. აღნიშნული ღონისძიებას მიმართეს იმისთვის, რომ არც მათ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი შიგნით ვირუსს შეიტანს.
„ეს არის უჩვეულო და უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში, მინდა, რომ ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ, ანუ დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში. შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება. ასევე გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათები, იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს ამგვარ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა”, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, 780 თანამშრომელი, რომლებიც პატიმრებთან ერთად რჩებიან დაწესებულებაში და იქ იცხოვრებს, ყველა არის ინსპექტორ-კონტროლიორი. ესენი არიან ადამიანები, ვინც იცავს საკანს, ვინც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კორპუსში, ფლიგელში, სართულზე და ა.შ. ის თანამშრომლები, რომლებიც მაინც გააგრძელებენ შინ სიარულსა და საპატიმროში მოსვლას, არიან ისინი, ვისაც არც აქამდე ჰქონიათ და არც მომავალში ექნებათ პატიმართან შეხება.
„ერთადერთი, ვინც პატიმართან იქნება შეხებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არ დარჩება, ეს არის ჩვენი სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი კიდევ უფრო მკაცრ პირობებში იქნება აღჭურვილი, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეში ვირუსის შეტანის. ეს იქნება ორმაგი კონტროლი – ციხის გარეთ, როგორც ეს იყო დღემდე. ისინი შემოწმდებიან და მხოლოდ ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემთხვევაში დაიშვებიან ტერიტორიაზე, სადაც ისინი იქნებიან მაქსიმალურად აღჭურვილები იმისთვის, რომ ვირუსი არ შეიტანონ”, – განაცხადა წულუკიანმა.