„ნუ გვართმევთ არჩევანს“ - ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

ისრაელში, რამათ განში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

„ნუ გვართმევთ არჩევანს“ – ეს იყო სლოგანი აქციისა, რომლითაც მოქალაქეები მოითხოვენ, არ დაიხუროს ისრაელში ერთადერთი საარჩევნო უბანი. მოქალაქეების განცხადებით, არჩევნებზე ისრაელში 1500 ადამიანი დარეგისტრირდა.

საუბარია ცესკოს განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საომარი მოქმედების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს მიმართა, ცესკო კი საკითხზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

„სიმბოლურად შევიკრიბეთ საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე, რათა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუფიქსიროთ, რომ არ წაგვართვან ჩვენი კონსტიტუციური უფლება. გავაკეთეთ პეტიცია, ხელმოწერებს ვაგროვებთ“, – უთხრა ანა ბოჩხაძემ „ფორმულას“.

ისრაელში, ქალაქ რამათ-განში, საარჩევნო უბანი შესაძლოა, არ გაიხსნას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 9 ოქტომბერს თქვა, რომ მათ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართეს. უბნის დახურვის მიზეზად, სავარაუდოდ, ისრაელში საომარი მოქმედება დასახელდება.

ეს ერთადერთი საარჩევნო უბანია ისრაელში. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი არ გაიხსნება უკრაინაში, სადაც საომარი მდგომარეობაა.

ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 60 უბანი გაიხსნება.

კომისია აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში. ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.