„ჯორჯიან მანგანეზის" სქრინებს მიღმა - რა არის პასუხი ჩარიცხულ თანხებზე

პუბლიკა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი და დანგრევის პირას არსებული ქონების კომპენსაციის მოთხოვნით მარტიდან უწყვეტ პროტესტს მიმართავს. ერთ თვეზე მეტია, მათ შიმშილობაც დაიწყეს და რამდენიმე მათგანს პირიც აქვს ამოკერილი.

პროტესტის თბილისში გადმონაცვლების შემდეგ კომპანია სოციალურ ქსელებში საბანკო ამონაწერებს ავრცელებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს კომპენსაციის თანხა აღებული აქვთ და თითქოს ისინი ამას უარყოფენ.

როგორც შუქრუთელები საჯაროდაც აფიქსირებენ, ვისაც ე.წ. „სოლიდური თანხა“ აქვს აღებული (და ასეთი პროტესტში მონაწილე 6 ოჯახია), მათი ქონების სრულყოფილ, ადეკვატურ ანაზღაურებას არ წარმოადგენს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად სოფელი შუქრუთი საცხოვრებლად გამოუსადეგარი და საფრთხისშემცველი გახდა, რის გამოც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ადრე თუ გვიან, განსახლება მოუწევთ.

მათივე თქმით, იმისთვის, რომ სხვა სოფელში, სხვა ადგილას ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა შეძლონ, კომპანიის მიერ ამ ეტაპზე გადახდილი თანხა არ კმარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახების ნახევარს, ვინც პროტესტშია ჩართული, არანაირი თანხა არ მიუღია.

შედარებისთვის, „პუბლიკამ“ ასევე მოიპოვა სოფელ შუქრუთში ორი მოსახლის ქონების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიას აქვს მომზადებული.

ერთი მათგანის ქონება 400 000 ლარზე მეტად შეფასდა, მეორე მათგანის კი – 200 000 ლარამდეა [გამომდინარე კვადრატულობიდან და ხე-მცენარეების რაოდენობიდან]. ერთ-ერთი მოსახლის მხოლოდ მრავალწლიანი ხე-მცენარეები სამხარაულის ბიურომ 50 000 ლარამდე შეაფასა.

შეფასებაში შესულია:

  • მიწის ნაკვეთის დაზიანებით გამოწვეული ზარალი;
  • შენობების ღირებულებები;
  • სხვა ნაგებობების ღირებულებები;
  • ხე-მცენარეების ღირებულება.

„38 ოჯახიდან ნახევარს არაფერი აუღია“

„მთის ამბებისა“ და „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების შედეგად ირკვევა, რომ 38 ოჯახიდან, რომელიც პროტესტს მიმართავს, 19-ს არაფერი არ მიუღია, 9 ოჯახს ავანსის სახით ან მიწის კომპენსაციის თანხა აქვს მიღებული (თანხა მერყეობს 7 000-დან 20 000 ლარამდე).

10 ოჯახია ისეთი, რომელსაც შედარებით მსხვილი თანხა აქვს აღებული (80 000-148 000 ლარამდე).

„სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ იურისტი, ვლადიმერ ქუთათელაძე, რომელიც შუქრუთელების ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ ამ თანხების ძირითადი ნაწილი, 90% ჩარიცხულია 2021 წლის შემდგომ – 2021-2022 წლებში და უმეტესი მათგანი უკავშირდება 2021 წლის შეთანხმებას.

2021 წლის 9 ივნისს შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, შპს „მაღაროელსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება გაფორმდა.

როგორც იურისტი განმარტავს, საგულისხმოა ის, რომ 2021 წლისთვის შუქრუთში მხოლოდ მაღაროში მოიპოვებდნენ მადანს. მოსახლეობას მაშინ უთხრეს, რომ მოპოვებითი სამუშაოები ამგვარადვე გაგრძელდებოდა. სანაცვლოდ კი ესენი შეძლებდნენ, სოფელში დარჩენას, მიწის ნაკვეთებით სარგებლობას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ა.შ.

„თუ თქვენ ნახავთ ხელშეკრულებას, იქ წერია, რომ ეს ადამიანები არ შეუშლიდნენ კომპანიის მოპოვებით საქმიანობას ხელს, სანაცვლოდ კომპანია ხელს შეუწყობდა მათ კერძო საქმიანობაში – სოფლის მეურნეობა განვითარდებოდა, კომპანია დააფინანსებდა პროექტებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ა.შ. ასევე უნდა მომხდარიყო მოშიმშილეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო რეაბილიტაცია.

თუმცა ეს შეთანხმება კომპანიამ ამ ნაწილშიც დაარღვია. დაამატეს სამი ობიექტი, სადაც ღია კარიერული წესით დაიწყეს მადნის მოპოვება. დაამატეს მაღაროებიც. შესაბამისად, სოფელი გახდა საცხოვრებლად უვარგისი.

მოსახლეობის პრეტენზიაც ამაშია, რომ ჩვენ კი მივიღეთ ეს ფული, მაგრამ ეს მოიაზრებდა ჩვენი ამ სოფელში ცხოვრების შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავრჩებოდით ამ სოფელში, ამ ფულს მოვახმარდით დაზიანებულ სახლებს, მოვაწესრიგებდით და გავაგრძელებდით ცხოვრებას, სანაცვლოდ კი ისინი შეგვიწყობდნენ ხელს, რომ გვეცხოვრა სოფელ შუქრუთში.

თუმცა კომპანიამ შემდგომ რა ქმედებებიც დაიწყო, ამან  უკვე შეუძლებელი გახადა შუქრუთში ცხოვრება. ყველაფერი მიწაში ჩადის, იქ ცხოვრება შეუძლებელია.

შესაბამისად, მოსახლეობა ახლა ამბობს, რომ ჩვენ ამ სოფელში ვეღარ დავრჩებით და უნდა მოხდეს ჩვენი განსახლება. ეს ოჯახები ამბობენ, რომ ეს გეოლოგიური მოცემულობა რომ ყოფილიყო 2021 წელს, ჩვენ ამ შეთანხმებას არ დავთანხმებოდით – „თუ ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვინადგურდეს, მაშინ ყველაფერი უნდა შეფასდეს და ანაზღაურდეს“, – ამბობს იურისტი.

როგორც ვლადიმერ ქუთათელაძე განმარტავს,  ხელშეკრულების დარღვევა იმაშიც გამოიხატა, რომ კომპანიამ იქ მოპოვებითი სამუშაოები გააძლიერა, რაც არ იყო შეთანხმების პირობებში.

„ახლა კი კომპანიამ უნდა შეაფასოს ის, თანხა, რაც მათი განსახლებისთვის არის საჭირო, ხოლო, ვისაც ნაწილი თანხისა  უკვე აქვს აღებული, გამოაკლებენ და ნაშთს გადაიხდიან“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს და ქონება ასე ზიანდება, უნდა მოხდეს მოსახლეობის განსახლება. იქ მოქალაქეს არ უნდა ტოვებდნენ, რაც არ უნდა თავად ის ადამიანი თანახმა იყოს. პასუხისმგებლობა მათზე გადადის.

„მაგალითად, როდესაც სახელმწიფოს გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები, მის ქვეშ მოსახლეს არ ტოვებს, ოჯახს რომც უნდოდეს.

იმის გამო, რომ სოლიდური თანხა არ გადაუხადონ შუქრუთელებს, მზად არიან, იქ სასიკვდილოდ გაწირონ“, – ამბობს ქუთათელაძე.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეფასების კრიტერიუმებს”

იურისტი ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რა კრიტერიუმით/მეთოდოლოგიით ჩატარდება ექსპერტიზა. როგორც ის ამბობს, მაგალითად,  კომპანიას არ უნდა მრავალწლოვანი ნარგავები შეფასდეს იმ წესით, როგორც მიღებულია.

მისივე განმარტებით, ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ, სადაც განსახლდებიან, იქ შეძლონ იმავე პირობების შექმნა, რაც ახლა აქვთ, ამიტომაც მოითხოვენ ხეხილის ღირებულების მართებულად შეფასებას.

„მაგალითად, როდესაც ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავთ საქართველოში, სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალები და ა.შ. და როცა ხდება მოსახლეობის საკუთრების ექსპოპრეაცია, ჩამორთმევა, იქ არის კრიტერიუმები, როგორ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ამ ქონების ანაზღაურება. კერძოდ, მაგალითად, კაკლის ხე ან ატამი, ყურძენი ფასდება წლოვანების მიხედვით – ესა თუ ის ხე რამდენი წელი მოისხამს ნაყოფს და ამ წლების შესაბამისად ითვლება საკომპენსაციო თანხა.

კომპანია კი ანგარიშობს ამას, როგორც ნერგის ფასს, ნერგი კი შეიძლება ღირდეს 2 ან 5 ლარი, პირობითად. ადეკვატური, სამართლიანი კრიტერიუმით კი ერთი ძირი კაკალი შეიძლება შეფასდეს 1200 ან 1500 ლარად.

სოფელია, ყველას ასეთი ნარგავები აქვს, თაობებიდან გამოყოლილი ხეხილის ბაღებია, ვენახია – ჯამურად ეს გამოდის სოლიდური თანხა, რისი ანაზღაურებაც კომპანიას არ უნდა.

ესენი კი მოითხოვენ სამართლიანად შეფასებას, როგორც სახელმწიფო ანაზღაურებს ხოლმე მსგავს შემთხვევებს“, – განმარტავს იურისტი.