საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა შეუჩერდა

პუბლიკა

საქართველოს „ღია მმართველობის (OGP) პარტნიორობის“ წევრობა შეუჩერდა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

OGP-მ საქართველოს მაისში მოუწოდა, გაიწვიოს რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.

დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღია მმართველობის პარტნიორობის წევრთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. საქართველომ OGP-ში ლიდერის როლი შეასრულა და 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე).