გვარამიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას პროგრამის მთავარი მიმართულებები წარუდგინა.

გვარამიას განცხადებით, კოალიციას აქვს
გეგმა 4-4-4, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს ოთხ სფეროში და ახალი პარლამენტის დაკომპლექტებიდან 4 დღეში წარსადგენ ინიციატივებს.

ნიკა გვარამიას თქმით, კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან 4 დღეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ აპირებს, წარადგინოს 4 სფეროში ინიციატივები:

ევროინტეგრაცია – „4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან, საქართველოს ისტორიული არჩევანიდან და საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან, ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომლებსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირში“, – განაცხადა გვარამიამ.

დემოკრატია – „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, მე ვიტყოდი, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.

დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას – ყველა რუსული კანონის გაუქმებას. ოთხ დღეში ჩვენ ამ ინიციატივას დავაყენებთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი რუსული კანონი, რომელზეც აქციები გაიმართა. ძალიან ბევრი რუსული კანონი იქნება მიღებული ამ თვეებისა და წლების განმავლობაში და ყველას გაუქმება არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება. ასევე ეს არის სასამართლოს რეფორმით სვლა და ა.შ. ჩვენ გვაქვს ხედვა ვეტინგის მიმართულებითაც“, – განაცხადა გვარამიამ.

ეკონომიკა – „4 დღეში ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ინიციატივების განხორციელებას: გადასახადების შემცირება – საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც 400 000 ლარზე ქვემოთ არის ბრუნვით, დღგ-ს საერთოდ გაუქმებას და დღეს ეს თანხა 100 000-ზეა და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-მდე. ჩვენი გათვლებით, ეს შეეხება 4-დან 3-მ ბიზნესს საქართველოში, ანუ 75%-ს და ეს უმთავრესად არის საშუალო და მცირე მეწარმეები“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

განათლება – „მაქსიმუმ 2028 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ განათლების ბიუჯეტი არათუ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, არამედ საკმარისი გახდეს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის – სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება.

ვაპირებთ შევქმნათ „ცოდნის ყულაბა“ და ამის ინიციატივას, საკანონმდებლო რეგულაციას წარმოვადგენთ 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობისა და პარლამენტის დაფუძნებიდან. ეს ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, დაწყებული ბაღიდან, დასრულებული უმაღლესი განათლებით, 5 000 ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის.

სტუდენტური კამპუსების პროგრამას დააფინანსებს ბიუჯეტი, თუმცა უნივერსიტეტებმაც თავიანთი მაღალი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.

აუცილებლად ვიზრუნებთ მეცნიერებაზე. მაქსიმუმ 2028 წელს, მეცნიერების დაფინანსება უნდა ავიდეს მილიარდ ლარზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აერთიანებს ნიკა გვარამიას პარტია „ახალს“, ელენე ხოშტარიას და პარტია „დროას“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ხათუნა სამნიძეს, ნიკა მელიას, ივა ჭყონიას, ოქტაი ქაზუმოვს… სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა.

Edison Research-ის ბოლო კვლევით, კოალიციას 13%-იანი მხარდაჭერა აქვს.