საია: შს მინისტრის ბრძანება კრძალავს ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენებას

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება წყლის ჭავლში ცრემლმდენი გაზის შერევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ამბობს, რომ მინისტრის N1002 ბრძანება კრძალავს ამ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

საია-ს განცხადებით, შსს ფაქტობრივად, ადასტურებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენებას და ირწმუნება, რომ აღნიშნული არ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ორგანიზაციის შეფასებით, სიმართლე არაა, რომ უწყების ქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონიერი და პროპორციული იყო.

„უპირველესად, შსს-ს შევახსენებთ, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც (მუხლი 9.1.), რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, და, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია. ასეთ მიგნებას ციტირებს, ასევე, ევროპული სასამართლო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 147) და ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ამ საშუალებების ერთმანეთის პარალელურად და ერთდროულად გამოყენება.

ხაზგასასმელია, რომ ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში, და, საიამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, და, თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა, და აღნიშნული ნორმა შეცვალა“, – წერს ორგანიზაცია.

საია-ს შეფასებით, შსს-ს განცხადებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, არასწორი კონტექსტით არის ციტირებული Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის ტექსტიც.

„დოკუმენტის მიხედვით, წყლის ჭავლში შესაძლოა შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ აღნიშნული პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და მის მიხედვით, “წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს გამაღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და, დამატებით, შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე”. უფრო მეტიც, “ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებთან ან საღებავთან ერთად“, – განმარტავს ორგანიზაცია.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს შს მინისტრის N1002-ე ბრძანება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.