მოლდოველთა უმეტესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა მოლდოვის EU-ში გაწევრებას 

პუბლიკა

მოლდოველთა უმეტესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა მოლდოვის გაწევრებას ევროკავშირში.

რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა.

ამ დროისთვის დათვლილია უბნების 99.59%.

სარეფერენდუმო კითხვაა: „უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?“

  • კითხვას დადებითი პასუხი გასცა არჩევნებზე მისულ მოლდოველთა 50.45%-მა.
  • უარყოფითი პასუხი – 49.55%-მა.

მაია სანდუმ განაცხადა:

მოლდოვამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი დემოკრატია და პროგრესის გზა. ჩვენ მოვიგეთ პირველი ბრძოლა უსამართლო ველზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენს სუვერენიტეტზე ამ თავდასხმით. სასამართლომ არ გააკეთა საკმარისი, რათა შეეჩერებინა ხმების გაყიდვა. ახლა ვიცით, რომ უფრო მეტად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას“.

მანამდე მაია სანდუმ X-ზე დაწერა, რომ „მოლდოვამ განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როგორც არჩევნების დღეს, ისე – ბოლო თვეებში“. მისი თქმით, რუსეთი 300 ათასი ხმის მოსყიდვას შეეცადა.

  • სანდუ ლიდერობს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. მას ხმების 42,37% აქვს;
  • სანდუს შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანგლომ ხმების 26.02% მიიღო.

ალექსანდრ სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილს რენატო უსატიი იკავებს. ის მეორედ ცდილობს, დაიკავოს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა. 2020 წელს მან ხმები 16.9% მიიღო, წელს – 13.80%.

2020 წელს უსატიიმ თქვა, რომ მაია სანდუს „ფანი“ არ არის, მაგრამ არ დაუშვებს, იგორ დოდონი მეორე ვადით გახდეს მოლდოვის პრეზიდენტი, ამიტომ მეორე ტურში მხარი სწორედ სანდუს დაუჭირა.

სხვა კანდიდატები ან ღიად პრორუსები არიან, ან – ანტიევროპელები.

ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი ხმების რაოდენობით 50%-ზე მეტს ვერ იღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 3 ნოემბერს არის დანიშნული.