საპენსიო სესხების განულება, ემიგრანტებისთვის ფონდი — „ერთიანობამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 ოქტომბერს წინასაარჩევნო პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა არის მათი მთავარი პროგრამული პრიორიტეტები.

ის მოქალაქეებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, მოიზიდავენ 14 მილიარდ ევროს „საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის“, გაუქმდება საპენსიო სესხები, შეიქმნება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მილიარდიანი ფონდი ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გპირდებით, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრებაზე, საქართველოს მიეცემა მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ჩვენი პროგრამა აგებულია თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება თამაშობს ხელშემწყობ როლს და არა ხელშემშლელ როლს, როგორც ახლა ივანიშვილის პირობებშია, როდესაც ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და მხოლოდ მისი კლანების ინტერესებზე. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდ ევროს საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის. ჩვენი შემდეგი დაპირება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, არის საპენსიო სესხების განულება. გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადებში ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, რომელიც ახლა ძალიან დიდ ტვირთად აწევს საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს, პენსიონერებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი საზოგადოების და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესდღეობით ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ მათ. ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. კიდევ ერთი დაპირება, რომელიც აუცილებლად მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ფასების მაფიის დასრულება, რადგან ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად და ეს განაპირობებს სწორედ იმ კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, რომელსაც ვეღარ უმკლავდებიან საქართველოს მოქალაქეები. უმუშევრობის ფონზე ადამიანებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, ამიტომ ჩვენ შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი საქართველოში დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ ადამიანებს კეთილდღეობის შანსი“, – თქვა ბოკუჩავამ.

სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ პარტიის დაპირებებს შორისაა პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა და პენსიონერებისთვის ექიმის დანიშნული მედიკამენტების უსასყიდლოდ გადაცემა.

„გარდა ასაკობრივი პენსიისა, აუცილებლად გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, გაიზრდება ომის ვეტერანთა პენსია, ცვლილებები პირველ ეტაპზე დაეტყობა ასაკობრივ პენსიას და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება“, – თქვა ჯაფარიძემ.