თვალთვალის მექანიზმების გამოყენებაზე სასამართლოს ზედამხედველობის ხარვეზები SJC-ის კვლევაში

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და CRRC საქართველომ წარმოადგინეს კვლევა სახელწოდებით „კონტროლი, იერარქია და ძალაუფლება: თვალთვალის არქიტექტურის სასამართლო ზედამხედველობა საქართველოში“.

კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში უსაფრთხოების სექტორის მიერ თვალთვალის მექანიზმების გამოყენებისა და მასზე სასამართლოს ზედამხედველობის დემოკრატიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას.

კვლევის პირველ ნაწილში მიმოხილულია უსაფრთხოების სექტორის მიერ თვალთვალის მექანიზმების დემოკრატიულად გამოყენების ძირითადი სტანდარტები აკადემიურ ლიტერატურასა და საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მეორე ნაწილში კი გაანალიზებულია საქართველოს კანონმდებლობა და მისი პრაქტიკული აღსრულება თვალთვალის მექანიზმების გამოყენების ორი რეჟიმის – საგამოძიებოსა (სამართალდაცვითი) და კონტრდაზვერვითის (არასამართალდაცვითი) თავისებურებების გათვალისწინებით.

დასკვნის მიხედვით, კვლევამ წარმოაჩინა, რომ თვალთვალის მექანიზმების გამოყენებაზე სასამართლოს ზედამხედველობა ზედაპირულად და ფრაგმენტულად ხორციელდება. კერძოდ, გამოვლინდა შემდეგი სისტემური პრობლემები:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებაზე სასამართლოს ზედამხედველობა მხოლოდ მის საწყის, ანუ ნებართვის გაცემის ფაზაზე ვრცელდება. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოქმედებების გამოყენების პერიოდში მათი მიმდინარეობის პროაქტიული გადამოწმების მექანიზმებს.
  • სასამართლო არ ამოწმებს, რამდენად ასრულებს პროკურატურა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მათ შესახებ მოქალაქეებისთვის შეტყობინების ვალდებულებას. ზედამხედველობის ამგვარი მექანიზმების არარსებობა განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის საკანონმდებლო რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების, ისე მათ შესახებ შეტყობინების გადადების ვადები.
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების კონტროლის შესაძლებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ელექტრონული სისტემის მეშვეობით მხოლოდ იმ შემთხვევებში შეუძლია, თუ მოქმედებებს ექსკლუზიურად ოპერატიულ­-­ტექნიკური სააგენტო ახორციელებს. დანარჩენი ფარული საგამოძიებო მოქმედებები (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება და ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებით) რომლებიც გამოძიებაში ჩართულ პირებსაც შეუძლიათ შეასრულონ, პირდაპირ ტექნიკურ ზედამხედველობას არ ექვემდებარება.
  • ოპერატიულ­-­ტექნიკური სააგენტოს სუს­-ის ინსტიტუციურ დაქვემდებარებაში ყოფნა ქმნის საფრთხეს, რომ სუს­-ი, რომელიც კონტრდაზვერვით და საგამოძიებო ფუნქციებს ერთდროულად ახორციელებს, საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და ოპერატიულ­-­ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით თვალთვალის კანონგარეშე „ალტერნატიულ ბანკებს“ შექმნის. ამის რისკი განსაკუთრებით დიდია იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების უზრუნველყოფის რეალური მექანიზმები საკმაოდ შეზღუდულია და ოპერატიულ­-­ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის სრულად გაკონტროლებას ვერ ახერხებს.
  • ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებართვის გაცემის დროს სასამართლო, დიდი ალბათობით, მომეტებულად ეყრდნობა პროკურორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და კრიტიკულად და დამოუკიდებლად არ აფასებს ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების საჭიროებას.
  • კონტრდაზვერვითი საქმიანობა მეტწილად დარეგულირებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე, მათ შორის, ბრძანებებითაა განსაზღვრული კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურებისა და ოპერატიული ღონისძიებების ჩამონათვალი.
  • ზოგიერთი კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური ღონისძიება იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია მისი შინაარსის დადგენა. ვერ შეფასდება, რამდენად ინტენსიურად ერევა მსგავსი ღონისძიებები ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში.
  • კანონმდებლობა სასამართლო ზედმახედველობის ქვეშ აქცევს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალისა და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის ღონისძიებებს, ხოლო დემოკრატიული ზედამხედველობის მიღმა ტოვებს მთელ რიგ სპეციალურ ღონისძიებებს.
  • სუს­-ისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგვაროვნად ან საერთოდ არ იწარმოება სტატისტიკა კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ელექტრონული თვალთვალის ჩატარებაზე გაცემულ ბრძანებებზე.
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებაზე სასამართლოს ზედამხედველობა არაგამჭვირვალეა და საზოგადოებას საკმარისად არ მიეწოდება ინფორმაცია ზედამხედველობის ეფექტიანობის შესახებ. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მეთოდოლოგია ბუნდოვანია, სასამართლო სტატისტიკურ მონაცემებს მხოლოდ შერჩევითად და ფრაგმენტულად აგროვებს და არ აანალიზებს მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.

კვლევის დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.