დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა

პუბლიკა

კომპანია Concentrix, რომელში ჩხრეკაც უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს, საქართველოში 2021 წელს სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოვიდა.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა Concentrix-თან დაკავშირებით თქვა, რომ „სამართალდამცავების პრეროგატივაა, გაარკვიონ, რა ხდება“.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომ კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა.

„Concentrix არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ე.წ. BP0 სექტორში. ეს არის „აწარმოვე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში – ჩვენ შევისწავლეთ BPO სექტორი. მივიჩნიეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ საქართველოში.

თუმცა ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რასაც სამართალდამცველები მიმართავენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცავების პრეროგატივაა, გაარკვიონ, რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას“. – თქვა ლევან დავითაშვილმა.

Concentrix სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა [BPO], რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. კომერციის, საბანკო და სხვა სექტორებში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 250 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

დღეს, 24 ოქტომბერს ჩხრეკა თბილისში, რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა Concentrix-ის ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი.

ასევე, გაჩხრიკეს რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები. ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა.

ეთო ბუზიაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. არ ამბობენ არც იმას, ამ საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები.

ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი.როგორც ტყეშელაშვილმა თქვა,  მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.