„დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია. მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო“, – ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკულ კომპანია Concentrix-ში ჩხრეკის შესახებ შეკითხვას.
Concentrix სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა [BPO], რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. კომერციის, საბანკო და სხვა სექტორებში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 250 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
დღეს, 24 ოქტომბერს, ჩხრეკა თბილისში რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოეწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა Concentrix-ის ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი.
ასევე, გაჩხრიკეს რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები. ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა.
ეთო ბუზიაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. არ ამბობენ არც იმას, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა.
ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა მას ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.