წინასაარჩევნო დავების მონიტორინგი - „მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკოს ან ComCom-ის პოზიციას“

პუბლიკა

„სასამართლოს გუშაგმა“ 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრის პერიოდში წინასაარჩევნო დავების მონიტორინგის შუალედური შედეგი წარმოადგინა.

33 დამკვირვებელი დააკვირდა 20-ზე მეტი მოსამართლის მიერ განხილულ 36 საქმეს (43 სხდომა). პროცესების უმეტესობა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ბოლნისის, გორისა და ზუგდიდის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებშიც.

ორგანიზაციის თქმით, საქმეები ძირითადად ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილებას, კომისიის წევრთა ანაზღაურებას, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნას, მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, აგიტაციის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და პარტიულ სიებში გამოვლენილ ხარვეზებს.

მონიტორინგის შედეგებით:

  • სასამართლო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე (ecd.court.ge)-ზე, რიგ შემთხვევებში არ ქვეყნდებოდა წინასაარჩევნო დავებთან დაკავშირებული სხდომების განრიგი. 43 სხდომიდან, დაახლოებით, 6 სხდომა (14%) განრიგში არ იყო მითითებული. განსაკუთრებით პრობლემური იყო თბილისის სააპელაციო სასამართლო – შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სასამართლო თითქმის არ აქვეყნებს ინფორმაციას წინასაარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცესების განრიგის შესახებ. იყო შემთხვევა, როდესაც სასამართლოს შენობაში მყოფ მოსარჩელე მხარეს პროცესის დაწყების შესახებ არ აცნობეს. გამომდინარე აქედან, პროცესზე დასწრება ვერ შეძლო დამკვირვებელმაც.
  • მონიტორინგის დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სხდომების განრიგში მითითებული და პროცესების ზუსტი დაწყების დრო და თარიღი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაც სასამართლოს ღიაობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხია.
  • აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკოს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას. არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.
  • გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში მოსამართლე თანასწორად არ ექცეოდა მხარეებს, უხეშად მიმართავდა, ან ყველა მხარეს თანაბარი ყურადღებით არ უსმენდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლემ დასვა ისეთი კითხვები, რომლებიც დამკვირვებელმა წინასწარი განწყობის გამოხატვად მიიჩნია.
  • წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები განსახილველად დაეწერა 20-ზე მეტ მოსამართლეს, მათ შორის – 2024 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამწესებულ ახალ მოსამართლეებსაც (ზვიად გოჩაშვილი და ზვიად ცეკვავა). შესაბამისად ჩნდება კითხვა ახალდანიშნული მოსამართლეების საარჩევნო დავების განხილვის კომპეტენციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად გოჩაშვილის შემთხვევაში, რომელსაც სამოსამართლო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართალში და პროფესიული ტრენინგებიც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს გავლილი.
  • ზოგადად, წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების მოსამართლეთა კომპეტენტურობა შესაბამის სპეციალიზაციაში სასამართლო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით არ დგინდება, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ არ გასცა სასამართლოს გუშაგის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, გაიარეს თუ არა მოსამართლეებმა წინასწარი სწავლება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
  • მონიტორინგის დროს იყო შემთხვევები, როცა მოსამართლეს არ განუმარტავს შუამდგომლობის(ების) დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, მონიტორინგის დროს სხდომების 19%-ში მოსამართლემ დატოვა შთაბეჭდილება, რომ პროცესისთვის მოუმზადებელი იყო, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქმის თაობაზე დეტალური ინფორმაციის ქონას. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე კი მოსამართლე იყენებდა მობილურ ტელეფონს, რამაც დატოვა აღქმა, რომ მოსამართლე უყურადღებობას იჩენდა სასამართლო მხარის მიმართ, რომელიც ამ დროს საუბრობდა.
  • სასამართლოს ორგანიზებულობის ნაწილში აღსანიშნავია, რომ დაკვირვებული სხდომების თითქმის 35%-ში საქმის განხილვა დაგვიანებით დაიწყო. მათ შორის, 8 სხდომის დაწყება 30 წუთიდან 1 საათამდე დაგვიანდა.
  • სხდომებზე ეთიკური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, მონიტორებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი პროცესის მიმდინარეობის დროს მესამე პირს მხარის მიმართ ჰქონდა ცინიკური დამოკიდებულება და კომენტარები, თუმცა მოსამართლეს აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია.
  • სასამართლო პროცესებზე საოქმო გადაწყვეტილებების გამოცხადების დროს მოსამართლეებს არ უხსენებიათ საერთაშორისო სტანდარტები.
  • სასამართლო გუშაგის მონიტორების დასკვნით, რომლებიც ასევე აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასაც, საბჭო კიდევ უფრო ჩაკეტილი ორგანო გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის საჯაროობა, თუმცა საბჭო არ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე და არ გასცემს არასამთავრობო თუ სხვა დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.