ISFED: წინასაარჩევნო კამპანიაში „ოცნებას“ ჰქონდა უპირატესობა არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ:

„წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 27 აგვისტოს დაიწყო, თუმცა მანამდე მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო გარემოზე.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა, რომელსაც წინ უძღოდა ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტის მიუხედავად პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტის მიღება და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

ამ კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების მცდელობები, მუქარის შემცველი ზარები და ფიზიკური თავდასხმები. სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები მოგვიანებით მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაშიც აისახა.

წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ამას დაემატა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორის იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა და პარტიული სია წარადგინა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ყველა პარტიას მეტ-ნაკლებად შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია.

წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე მმართველი პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო.

ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.

წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებმა, რაც ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობა იყო, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების არარსებობამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა”.

ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო:

  • ამომრჩევლის მოსყიდვა;
  • ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი
    მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება;
  • საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება;
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ხელის შეშლა;

ISFED-მა აქცენტი გააკეთა საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესზე, რომელიც დაბალკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა.

ასევე, შეეხო საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე მიმდინარე პროცესს.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს.

გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა კრიტიკულ მედიებთან მიმართებით.

ISFED ასევე წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო მოსამსახურეების ჩართულობა პოლიტიკურ აგიტაციაში. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად, საჯარო მოსამსახურეების ნაწილი, ფეისბუქის მეშვეობით, სამუშაო საათებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიებში.

  • „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ.