„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი, გურჯაანის მე-2 საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდა, რამაც დევიძის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანის რეგისტრაციის მიზეზს არკვევდა, რამაც, ჟურნალისტის თქმით, დევიძე გააღიზიანა.
ია გულიაშვილის თქმით, დევიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მის ხელთ არსებული ნივთები ესროლა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა. ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა 112-საც მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.