საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
ზურაბიშვილის თქმით, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.
„მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი.