ცესკოს ცნობით, მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის გამო, აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა აღნიშნული ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ მოიწვია დაუყოვნებლივ სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი“, – განაცხადა იოსელიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. ისინი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.
მარნეულის 69-ე უბანი ერთ-ერთია იმ 768 უბნიდან, სადაც ხმას ძველი წესით აძლევენ.