კალანდარიშვილი: უსაფუძლოა განცხადება, რომ ერთიან სიებში დუბლირება იყო

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია, „თითქოსდა ერთიან სიებში დუბლირება იყო, უსაფუძვლოა”.

კალანდარიშვილის მტკიცებით, „ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა”.

„მათ შორის, მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოსდა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როცა სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ვერიფიკაციის ყველა აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისითის, დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ ProVNV-იმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა და მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს”. – თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ProVNV აკრედიტებული ამერიკული ორგანიზაციაა, „რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის ტესტირების ავტორიზებული უფლება გააჩნია, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც თავად ახორციელებენ ტექნოლოგიური საშუალებების იმპლემენტაციას”.

კალანდარიშვილის თქმით, სწორედ ProVNV-მ გადასცა ცესკო აუდიტის სამსახურის პირველი და მეორე ფაზის დასკვნები, რომლებმაც „დაადასტურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა”.

ხმების დუბლირებაზე განცხადება „კოალიციამ ცვლილებისთვის” განცხადება გვიან ღამით, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ თქვა, რომ „არჩევნების გამოყენებით გაყალბების ერთ-ერთი სქემის თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა”. 

„საშუალოდ 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა, ანუ 200 ათასი ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა”. – თქვა თენგო  თევზაძემ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები ლაპარაკობენ დარღვევებზე, რომელიც გუშინ საარჩევნო პროცესში გამოვლინდა, მათ შორის:

ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა – გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა; 

„ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა – გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით – ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო.

ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.

დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა – მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში”. – განაცხადა საია-მ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”ასევე განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას – იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.

ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები”. – განაცხადა საიამ. 

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას” 54.2% აქვს.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.