მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ გაყალბების შესახებ ცნობები შეუძლებელს ხდის მის ლეგიტიმურად ცნობას.
„საქართველოს არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით შეუძლებელია ევროკავშირში შესვლა, მაგრამ შესაძლებელია უკან რუსეთის მკლავებში დაბრუნება“, – წერს ის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.
როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.
რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.