ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა.
ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი ამბობს, რომ კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა კენჭისყრის დღე დაძაბული იყო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა.
„მაშინ, როცა 26 ოქტომბრის არჩევნებმა ამომრჩევლებს დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად.
კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა ზოგადად იყო დიდი განხეთქილების შემომტანი. განსაკუთრებით, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ის ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, თუმცა ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური მიზნით”, – განაცხადა მან. [სინქრონული თარგმანი]
ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ხაზი გაუსვა პარტიებს შორის ფინანსურ დისბალანსს და ასევე ისაუბრა პოლარიზებულ მედიაგარემოზე.
„უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს; პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე და ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი…
კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, კიდევ არსებობდა ეჭვებიც იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და ეჭვები იბადებოდა მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა. [სინქრონული თარგმანი]
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.
როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.
რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.