„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემით, კოალციას 20 მანდატი აქვს.
„არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს მანდატზე და ასევე მიერთდება სიის ოცეული: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ ცერცვაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი ქაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის (ჩელე) ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი“, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, საპარლამენტო სიის დანარჩენი წევრები არ ჩაანაცვლებენ 20-ეულის მიერ დათმობილ მანდატებს.
მისი თქმით, სიას ჩახსნიან, თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამაზე.
ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა.
ცესკოს მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა);
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა);
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა);
- „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891 ხმა);
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7.77% (161 250 ხმა).