ბორელი და ევროკომისია: დარღვევები უნდა აღმოიფხვრას, ეს აუცილებელია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად

პუბლიკა

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიასთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ისინი ეყრდნობა ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას დარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს უნდა იქნას გამოძიებული და აღმოფხვრილი.

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა აჩვენა მათი დამოკიდებულება ქვეყნის ევროკავშირის გზისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებებით და დასკვნებით „არჩევნების დღე იყო ზოგადად პროცედურულად კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ, კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული კამპანიაში. ამან, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან თვალყურის დევნებასთან ერთად, გააჩინა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ამომრჩეველს შესაძლებლობაზე, რომ ხმა მიეცა შურისძიების შიშის გარეშე”.

ამასთან, არჩევნების დამკვირვებლები ავრცელებდნენ ცნობებს არასათანადო პირობების, პოლარიზებულ ატმოსფეროში დაყოფილ კამპანიისა და მნიშვნელოვან შეშფოთებებს ამ საარჩევნო პროცესზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები უნდა იქნას გარკვეული და აღმოფხვრილი. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა აღდგეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.

ევროკავშირი ელის ეუთო/ოდირის ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომელიც უნდა აღსრულდეს, რაც შეიძლება მალე. პოლიტიკურ სპექტრში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მტკიცე რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას საქართველოს მოქალაქეების და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის პრინციპებთან, უნდა გაუქმდეს”, – ნათქვამია განცახდებაში.