შაჰინი და რიში: საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეების პასუხისმგებლობაზე ვიზრუნებთ

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორები საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ წუხან.

„მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთებისა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავინახავდით საქართველოს მთავრობის ნებას, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის სურვილებს. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში სხვა რამის მომსწრე გავხდით.

ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ISFED-ის მიერ გაზიარებული ანგარიში აჩვენებს მრავალრიცხოვან დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზარალა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ არჩევნების დღეს [საარჩევნო პროცესში] ჩარევის შესახებ ათობით ცნობით, მათ შორის, ძალადობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს არჩევნების შედეგების მთლიანობა”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

წერილში, რომელსაც ორივე სენატორი აწერს ხელს, ასევე ისმის მოწოდება სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომ გამოიძიოს საქართველოში საარჩევნოდ არსებული, სავარაუდო საარჩევნო დარღვევები.

“ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, მოახდინა თუ არა [ამ ფაქტებმა] რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”.

სენატორები საქართველოში არსებულ მდგომარეობას “სახიფათოს” უწოდებენ და რუსეთის მიერ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით სარგებლის მიღებაზეც საუბრობენ. ცნობისთვის, კრემლში დადებითად ეხმიანებიან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ამბობენ, რომ ქვეყანაში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და რომ არჩევნებში დარღვევები არ დაფიქსირებულა.

„ეს სახიფათო მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”, უნდა აღიაროს, რომ მისმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი შედეგები ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა უდავოდ ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. თუკი ქართველი ხალხი აირჩევს მშვიდობიანი პროტესტის გზას, ჩვენ ვაღიარებთ მათ უფლებას და მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ ღრმად მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას”,- ამბობენ სენატორები.

შაჰინი და რიში დიდი ხანია საქართველოს საკითხზე მუშაობენ და ქვეყანაში ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის მთავრობის წვრებისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, ამ კანონის მიღებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში, სენატორები დამატებით შესაძლო სადამსჯელო ქმედებებზეც საუბრობენ, ამჯერად მათთვის, ვისი პასუხისმგებლობაც საარჩევნო დარღვევებზე გამოიკვეთება.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ განვახორციელებთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, „ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამერიკის სენატი სრულად არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს”,- ნათქვამია წერილში.