ნაცვლიშვილი: არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა, მეთოდური, სისტემური, მიზანმიმართული ნაბიჯებით, როგორ ჩამოშლიან სისტემას.

ნაცვლიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს მიიტაცეს არჩევნები, რომლის სქემაც გაშიფრულია.

„ჩვენ გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც მათ არჩევნები მიიტაცეს. ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში, თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ თქვენ ამ სიებს გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, იმ დიდ დასტას მტკიცებულებებისა დაემატება, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს, თქვენი დანაშაულის სამხილებლად. ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, ხელახლა ჩატარდეს არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

ოპოზიცია დარღვევების და გაყალბების დამტკცებაზე მუშაობას აგრძელებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.