აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.
მილერის განცხადებით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას სამართლიანი შედეგების შესახებ.
„შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან საჯარო რესურსების არაკეთილსინდისიერი გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.
ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგების შესაძლებლობის შესახებ.
ჩვენ ვუერთდებით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სრული გამოძიების შესახებ. ასევე მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ურთიერთობაზე, რომელიც მათ სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ისეთი პოლიტიკის გატარების ნაცვლად, რომელზეც ავტორიტარული მმართველებისგან მიიღებენ შექებას.
საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტს სურს იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრებისკენ სწრაფვა.
ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველო პარტიის მიერ გატარებული ზომები ამ კურსთან შეუსაბამოა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ არჩევნების შედეგების მიღებასთან დაკავშირებით, მილერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის არჩევნებთან.
ამასთან, როგორც მილერმა თქვა, მას არ უთქვამს, რომ საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის გამოძიება აუცილებლად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს გამოძიება. მე არ დამიკონკრეტებია, რომ არჩევნებზე გამოძიება აუცილებლად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.
ჩვენ ვაწარმოებთ შესაბამის კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს მსგავსი გამოძიების ჩასატარებლად სათანადო უწყება”. – თქვა მეთიუ მილერმა.