კორძაია: შეიქმნას არჩევნებში მონაწილეების ბაზა, რომ ამომრჩევლებმა გადაამოწმონ თავი არჩევნებზე მისულთა სიაში

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკოსგან მოითხოვენ, შექმნას არჩევნებში მონაწილეების ბაზა, რომ ამომრჩევლებმა გადაამოწმონ თავი არჩევნებზე მისულთა სიაში.

„გრძელდება საქართველოს მოსახლეობის პროტესტის უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა. ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელმაც საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა, სწორედ ჩვენი შედეგების გასარკვევად და გადასამოწმებლად არის საჭირო. დღეს არ იწვევს ეჭვს ის, რომ არჩევნები ტექნოლოგიური მანიპულაციებითა და მასობრივი გაყალბებით ჩატარდა.

თუმცა საკმარისი არის საერთაშორისო მხარდაჭერა: მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელი აქციის მონაწილეებთან ერთად და საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან ერთად, რომელმაც აქციაზე მისვლა ვერ შეძლო, დავიწყოთ კამპანია  „გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა“.

ამისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვითხოვთ: ცესკომ მოახდინოს თავისი ვებგვერდის მყისიერი მოდერნიზაცია და შეიქმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა იმისათვის, რომ მოქალაქეს მიეცეს საშუალება, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სიაში.

ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს შეამოწმოს, არის თუ არა დადასტურებულად სიაში იმ უბანზე, სადაც ხელი მოაწერა. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა ცესკოს მხრიდან უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩეველს მიეცემა საშუალება, გადაამოწმოს თავისი ხმა დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან სხვას არ გამოუყენებია. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა, მას შეუძლია შექმნას ასეთი ბაზა და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობაც. და თუ ის არ შექმნის ასეთ ბაზას, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რომლებიც შეამოწმებენ თავიანთ შედეგებს“, – განაცხადა კორძაიამ.


„ძლიერი საქართველო” ითხოვს, ცესკომ გაასაჯაროოს უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების სია.

ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ კოალიციის შტაბში ამ დროისთვის თავმოყრილია სისტემური დარღვევის ათობით მძიმე ფაქტი.

„ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

შესაბამისად, მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ მოითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალების გასაჯაროებას.